English / ქართული / русский /
ზურაბ წერეთელი
პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და შემდგომი პერსპექტივები

ანოტაცია.  ნაშრომში  წარმოდგენილია როგორც  პანდემიის  დროს, ასევე  მის შემდგომ პერიოდში და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული უმრავლესი ქვეყნების საერთო ეკონომიკური პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. აქცენტი ძირითადად გადატანილია კორონავირუსის (COVID 19) პანდემიაზე. წარმოჩენილია ის უარყოფითი ასპექტები, რომელიც მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნისთვის საერთოა. დასკვნით ნაწილში გადმოცემულია კორონა ვირუსის და ომის  ფონზე თუ როგორი იქნება შემდგომი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები და აგრეთვე ზოგიერთი განხორციელებული (ან განსახორციელებელი) ღონისძიების პერსპექტივა.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პრობლემები, პანდემიის და ომის გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე, ეკონომიკური გამოწვევები, გლობალური პრობლემები, ეკონომიკური კრიზისი, რეცესია, შემდგომი პესპექტივა. 

შესავალი

კორონავირუსის პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიოს ყველა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვისაც მოულოდნელ გამოწვევად მოგვევლინა, მისი მასშტაბიც უახლესი ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოა. საქართველო, ეკონომიკური გამოწვევების გამო, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მოვლენების განვითარების პერსპექტივის, მოსალოდნელი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანის მოცულობის სრულად პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი გახდა.

დღეისათვის კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევები ყოველთვის   ახალი   დღის   წესრიგისა   და    გადაჭრის   მექანიზმების   შემუშავებას მოითხოვს. ამ დროს სახელმწიფოები და საზოგადოება გარკვეულ პროგრამებს აყალიბებს. დიდი და ძლიერი (ეკონომიკურად და პოლიტიკურად) სახელმწიფოები თავიანთ თავზე იღებენ არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრის გეგმების შემუშავების, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების მეთაურობას. ამ დროს პატარა სახელმწიფოები თითქოს ძლიერთა გადაწყვეტილებას უნდა ემორჩილებოდნენ და ძლიერთაგან იმათ რჩევებს უნდა გაჰყვნენ, რომელთა „პარტნიორებად“ თავიანთ თავს გადაწყვეტენ.

დღეს ჩვენ, კაცობრიობამ, არ ვიცით როდის დასრულდება  პანდემიისგან და რუსეთ-უკ­რაინის ომისგან გამოწვეული კრიზისი. არც ის ვიცით, როგორ დასრულდება ის გრძელვადიან  პერსპექტივაში  და როგორი პოლიტიკური და სამრეწველო-ეკონომიკური შედეგებით დამთავრდება იგი.

ყველა კრიზისული პერიოდი გაურკვევლობითა და არამდგრადობით ხასიათდება.

ამის წინააღმდეგობრიობაა ასიათასობით ადამიანის ამ ვირუსით ინფიცირება, ადამიანური მსხვერპლი ომში, ამასთან მსოფლიო საზოგადოების გაურკვევლობა და არამყარი განცდა, რაც თავად ამ ვირუსზე მეტი უარყოფითი შედეგის მომტანია. ყველა კრიზისის დროს, და არა მხოლოდ კრიზისის გავლის შემდეგ, უნდა გამოითქვას მოსაზრება, რათა, ერთი მხრივ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და შემდგომ ადეკვატურად გავაანალიზოთ იგი, რათა სამომავლოდ  უკეთ გავითვალისწინოთ  მისი  გაკვეთილები.  ეს, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სახელმწიფო და საზოგადოება თვითკმაყოფილების სიტკბოებაში იძირება და ყოველ გადალახულ კრიზისს თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად და სხვებზე  გავლენის განსამტკიცებლად იყენებს. ახლა კი ეს მოცემულობა არაფერს ნიშნავს.

არასტაბილურობისა და არათანმიმდევრულობის პირობებში მეცნიერებისა და პრაქტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის შემუშავება და დანერგვა. საწარმოები (ორგანიზაციები) იძულებული არიან მოერგონ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური არასტა­ბილურობის პირობებს და მოძებნონ ადეკვატური გადაწყვეტილებები ყველაზე რთული პრობლემებისა და მათი ფუნქციონირების საფრთხეებისთვის. საწარმოს (ორგანიზაციის) ეკონომიკური უსაფრთხოება არის კორპორატიული რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენების მდგომარეობა, რათა თავიდან აიცილოს საფრთხეები და შექმნას პირობები მისი ძირითადი განყოფილებების სტაბილური ფუნქციონირებისთვის. 

* * *

მიუხედავად   ბოლო   ათწლეულის   განმავლობაში  მიღწეული   დიდი   პროგრესისა სამედიცინო,  ბიოტექნოლოგიურ და გენეტიკის სფეროებში,  მსოფლიო  მაინც  ძალზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის პანდემიას. შესაბამისად, დღეს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება სრულად გადატანილია ჯანდაცვისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პრობლემებზე, რაც, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს. თუმცა პარალელურად ალბათ უკვე გასაანალიზებელია ამ პანდემიის ეკონომიკური შედეგები; გასათვლელია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი მსოფლიო ეკონომიკაზე.

მიმდინარე კრიზისი სხვებისგან განსხვავებულია, თუმცა მაინც გვაქვს შესაძლებლობა მისი წინასწარი ანალიზისათვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება განსაკუთრებით გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი საკითხი:

1)  სახელმწიფოს  როლი  და  დანიშნულება. სხვადასხვა  წლების  ეკონომიკური კრიზისების პერიოდში სახელმწიფოსადმი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. თავად ტოტალიტარული, ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის და მემარჯვენე პოპულისტური მთავრობისთვისაც, რომლებიც დემოკრატიულ სივრცეში არსებობენ ხოლმე, ეს გამოწვევა მათი ფუნდამენტის რღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს იქიდან გამომდინარე, რომ რწმენა ავტორიტეტში, ტოტალურობაში ირღვევა, როდესაც მას მასებისთვის პრობლემების გადაჭრა აღარ ძალუძს. სწორედ ახლა, ამ კრიზისის დაძლევისას,  ძალმომრეობითი  მთავრობა  ისეთივე  უსუსური  ჩანს,  როგორც, დიდწილად, ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოებები.

აღნიშნული განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი გააზრების საგანი, რომ უახლოეს მომავალში, ამ კრიზისის განმავლობაში, ყველა მთავრობა და მმართველობა შეიძლება დადგეს საშინელი დილემის წინაშე ან მოახდინოს ეპიდემიის შეძლებისდაგვარად სწრაფი და მაქსიმალური ლოკალიზაცია, რამაც შეიძლება ეკონომიკის ჩამოშლა გამოიწვიოს, ანდა გადახდილ იქნეს დიდი ფასი და ადამიანთა სიცოცხლე შეეწიროს ეკონომიკის განვითარებას, თუმცა  ეპიდემიის შედეგებზე  ჯერ ალბათ შეუძლებელია საუბარი.

სახელმწიფოების მიერ ნებისმიერ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება  სრულ თანხმობაში უნდა მოდიოდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ცალკეული ინდივიდის ინტერესთან, ამ კრიზისულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს საზოგადოებრივი ჯგუფების თვითნებური გადაწყვეტილებები.

მართლაც   ამ   ვითარებაში   დღევანდელი   გადასახედიდან   ერთი   შეხედვით თითქოს აშკარაა, რომ თითოეული სახელმწიფო მხოლოდ თავის მოქალაქეებზეა კონცენტრირებული და სოლიდარობის ერთაშორისი პრინციპი თუ მთლიანად არ დაიკარგა, უკანა პლანზე მაინც გადაიწია. ნაციონალური სახელმწიფოების როლის წინ წამოწევამ არ უნდა გამოიწვიოს მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და აკადემიური დეზინტეგრაცია, რასაც, თავის მხრივ, მომავალში კიდევ უფრო მეტი და მძიმე კრიზისების გამოწვევა შეუძლია, რამდენადაც ნაციონალური სახელმწიფოებიდან ნაციონალისტურამდე და შოვინისტურამდე მცირე ნაბიჯი რჩება, თუ ნაციონალურობის, ინტერნაციონალურობისა და სოლიდარობის ბალანსი არ შენარჩუნდა.

საგულისხმოა, რომ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფმა ევროპულმა სახელმწიფოებმა დროულად შეამჩნიეს ზემოაღნიშნული რისკები და პანდემიით გამოწვეული პირველი შოკის შემდეგ კვლავ აქტიურად ჩაირთო უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ეფექტური მექანიზმები (მაგალითად, იტალიელი და ფრანგი/ელზასელი პაციენტების მკურნალობა გერმანიისა და შვეიცარიის კლინიკებში, ექიმებით, სამედიცინო ეკიპირებით მხარდაჭერა, ევროკავშირის მიერ დაანონსებულ, პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამზადებული უზარმაზარი ფინანსური რესურსები და ა.შ.)

საგულისხმოა  ის,  რომ  მსოფლიო  „გლობალიზაციის“  დაპირისპირებული ბანაკების მთავარი იდეოლოგები თავად გამოეთიშნენ კორონა-კრიზისის დროს ამ პროცესს და თავის თავში ჩაიკეტნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ იდეოლოგიური დაპირისპირების მიუხედავად, თავიანთი ეკონომიკური მოგების მიზნით ეს ბანაკები არა თუ თანამშრომლობენ, არამედ რეალურად აძლიერებენ კიდეც ერთმანეთს გავლენის სფეროების განმტკიცება-გაფართოებისთვის ბრძოლაში. გამოდის, რომ ეს პრობლემაც სრულიად ახლებურადაა გასააზრებელი (მით უმეტეს, პატარა სახელმწიფოებისათვის, რომელთაც, ძირითადად, თავიანთი შეზღუდული ძალებით უწევთ ამ და სხვა კრიზისებთან ბრძოლა). რადგან ყველა ერთ სამყაროში, დედამიწაზე ვცხოვრობთ, ერთმანეთისგან განცალკევება, ერთმანეთისთვის საზღვრების გრძელვადიანი ჩაკეტვა, ვირუსის გავრცელებას ვეღარ გააჩერებს, რადგან ვირუსიც ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია [1, გვ.22].

მნიშვნელოვანია არა რომელი, არამედ როგორი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ გაუცხოებული ვირუსის მიმართ. დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ ეს ისეთი სახელმწიფოებია, რომელთა საფუძველიც სოციალური თანასწორობაა და ინდუსტრია და  სოფლის მეურნეობა სათანადოდ აქვთ განვითარებული; რომელთაც სოციალური დაცვის სისტემები მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე აქვთ წარმოდგენილი, რასაც, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის სამედიცინო სისტემა განეკუთვნება. ამიტომაც ყურადსაღებია, რომ ყველა ქვეყანამ მომავლისთვის სწორად განსაზღვროს თავისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

კორონავირუსმა კიდევ ერთი საკითხი დააყენა დღის წესრიგში: მეცნიერ- სწავლულებისადმი იმედი, რწმენა და მოთხოვნა გაიზარდა არა მხოლოდ რომელიმე ერთ ქვეყანაში, არამედ მსოფლიო საზოგადოებაში. თუ წინა ეკონომიკური და ლტოლვილთა  კრიზისების  დროს  მეცნიერ-ექსპერტთა  მოსაზრებები  მოსახლეობის დიდ ან გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა მემარჯვენე პოპულისტების პროპაგანდის საფუძველზე, ახლა მდგომარეობა სხვაგვარადაა, რადგანაც კაცობრიობა შველას სწორედ მეცნიერ-ექსპერტებისგან ელის. ეს კი უშუალო კავშირშია სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრასთან, რაც, პირველ რიგში, აკადემიურ სივრცეში ხორციელდება.

აკადემიური სივრცე, ისე როგორც არასდროს, მოთხოვნადი გახდა. აქ საქმე არ ეხება მხოლოდ სამედიცინო სფეროს, არამედ ისეთ სფეროებსაც, რომლებიც უშუალოდ ან  ირიბად გადამწყვეტ როლს თამაშობენ კრიზისის დაძლევაში. ესენია: აგრარული, საინჟინრო-ტექნოლოგიური, ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მაგრამ,   ამავე   დროს,   რადგან   კორონა   ვირუსის   ეპიდემია   საერთო   საკაცობრიო პრობლემაა, ხოლო კაცობრიობა ერთმანეთთან მორალური კომუნიკაციის ორგანიზმია, მოთხოვნადი უნდა იყოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, რომლებიც სამართლიანობის, ზნეობრიობის და მორალურობის კვლევითაა დაკავებული [1, გვ.25].

უფრო  მნიშვნელოვანია,  რომ  როგორც  მთავრობამ,  ისე  საზოგადოებამ დაიწყოს სერიოზული ფიქრი და მეტიც, შემუშავება პოსტ-კრიზისულ პერიოდში ქვეყნის განვითარებისათვის, რა შემთხვევაშიც მინიმუმამდე უნდა შემცირდეს იმ შეცდომათა რიცხვი, რომლებმაც შეიძლება კრიზისის განგრძობის შემთხვევაში და მისი დასრულების შემდგომ, შეაფერხოს ქვეყნის შეძლებისდაგვარად სწრაფი წინსვლა.

პირველი და  უმთავრესია,  სტრატეგიული გეგმის შემუშავება ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რითაც ქვეყანამ თვითკმარი არსებობა არა მხოლოდ გლობალური და ლოკალური კრიზისების დროს უნდა შეძლოს, არამედ ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობის დროსაც. ამ თვალსაზრისით ძალზე საყურადღებო და იმედის მომცემია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს შესაბამისი განაცხადი [3].

გასათვალისწინებელია, რომ  ამგვარი  სტრატეგიული  გეგმები  საჭიროებენ  ღრმა სამეცნიერო კვლევით გაანალიზებას და  შესაბამისად, მის შემუშავებაში ჩართულები უნდა    იყვნენ    მაღალი    რანგის    სწავლულ-ექსპერტები    აკადემიური    სივრციდან, რამდენადაც,   როგორც   ზემოთაც   აღვნიშნეთ,   თავად   კრიზისმა   გამოიწვია   მათზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით.

იმ მიმართულებების ნაცვლად, რომლებიც დროის მოთხოვნის შესაბამისად პოპულისტური პროპაგანდის შედეგად იყო წინა პლანზე წამოწეული, როგორებიცაა, მაგალითად, ტურიზმის დარგობრივი მიმართულება ან ბიზნესადმინისტრირება, სწრაფად უნდა შემოტრიალდეს აკადემიური სპექტრი იმ დარგების განვითარებისაკენ, რომლებიც არა მხოლოდ კრიზისული პერიოდისთვის არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის. ასეთებია  საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულებები, აგრარული მეცნიერებები, სამედიცინო მიმართულება და ყველა ის განხრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამყაროს შექმნის საფუძველია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგი აკადემიური დარგები ამით დაზარალდეს.  უნდა განისაზღვროს მკაფიოდ დასახული და ზუსტად დადგენილი პრიორიტეტული მიმართულებები და არა  მხოლოდ დროებითი საჭიროების მიხედვით, არამედ ფუნდამენტური თვალსაზრისით. აგრეთვე განსასაზღვრია სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტრუქტურა და იურიდიული სტატუსი, რომლებიც ხელს შეუწყობენ  ამ  სივრცის  გამართულად  მუშაობას  [4].

2022 წლის 17 მარტს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ადამიანური ტანჯვისა და ჰუმანიტარული კრიზისის გარდა, გლობალურმა ეკონომიკამ იგრძნო ზრდის შენელებისა და ინფლაციის აჩქარების შედეგები, რომლებიც სამი ძირითადი არხით გავრცელდა. პირველ რიგში, უფრო მაღალმა  ფასებმა საქონელზე, როგორიცაა საკვები და ენერგია, გამოიწვია კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია, რამაც შესაბამისად იმოქმედა შემოსავალსა და მოთხოვნაზე. მეორე, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებს შეექმნათ ვაჭრობის, მიწოდების ჯაჭვისა და ფულადი გზავნილების შეფერხება, ისევე როგორც ლტოლვილთა ნაკადის ისტორიული ზრდა და მესამე დაბალმა ბიზნესნდობამ და  ინვენსტორების გაზრდილმა გაურკვევლობამ გავლენა იქონია აქტივების ფასებზე. კერძოდ, გაამკაცრა ფინანსური პირობები და პოტენციურად დააჩქარა კაპიტალის გადინება განვითარებადი ბაზრებიდან. რუსეთი და უკრაინა საქონლის მთავარი მწარმოებლები არიან და დესტაბილიზაციამ უკვე გამოიწვია მსოფლიო ფასების ზრდა, განსაკუთრებით ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. საგრძნობია   ფასების ზრდა სურსათზე,  ხორბალზე (რომელიც უკრაინასა და რუსეთში მსოფლიო ექსპორტის 30 პროცენტს შეადგენს) კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ომს შეუძლია ძირეულად შეცვალოს მსოფლიო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წესრიგი, თუ მოხდება ენერგოვაჭრობის ცვლილება, მიწოდების ჯაჭვების გადასწორება, გადახდის სისტემების ფრაგმენტაცია და ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების სტრუქტურის გადახედვა. მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო ზრდის ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკებს, განსაკუთრებით ვაჭრობასა და ტექნოლოგიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეფექტი შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში ბოლომდე არ იყოს ხილული, უკვე არსებობს აშკარა ნიშნები, რომ ეს ომი და შედეგად მიღებული ფასების მატება ძირითად საქონელზე გაართულებს ზოგიერთ ქვეყანაში პოლიტიკოსებისთვის დელიკატური ბალანსის დამყარებას ინფლაციის შეკავებასა და პანდემიისგან ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის პროცესს [6].

2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის 1,7 პროცენტამდე შემცირებაა მოსალოდნელი. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ეს ტენდენცია გამოწვეულია მაღალი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ინვესტიციების შემცირებით და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შეფერხებებით.

ეკონომიკური ზრდის მკვეთრი ვარდნა ფართოდ იქნება გავრცელებული, გადაიხედება 2023 წლის პროგნოზები შემცირების კუთხით  მოწინავე ეკონომიკების 95 პროცენტისა და განვითარებადი ქვეყნების 70 პროცენტისთვის.

მსოფლიო ბანკის World Economic Outlook ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერმა ახალმა არასასურველმა განვითარებამ (როგორიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, პანდემიის აღორძინება ან გეოპოლიტიკური ესკალაცია)  შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკაში რეცესია გამოიწვიოს. ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთ ათწლეულში ერთდროულად ორი გლობალური რეცესია მოხდება.

მოწინავე ეკონომიკებში ზრდა, სავარაუდოდ, შენელდება 2022 წლის 2.5 პროცენტიდან 0.5 პროცენტამდე 2023 წელს. როგორც გასული ორი ათწლეულის გამოცდილება გვიჩვენებს, ამ მასშტაბის შენელება გლობალურ რეცესიას მიანიშნებს.

შეერთებულ შტატებში პროგნოზირებულია, რომ 2023 წელს ზრდა შენელდება 0,5 პროცენტამდე,

2023 წელს ევროზონის ეკონომიკური ზრდა ნულოვანი იქნება. ჩინეთში ზრდა პროგნოზირებულია 4,3 პროცენტით, რაც წინა პროგნოზებთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება მხოლოდ ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი. ამიტომ,  ინდუსტრია,  სოფლის  მეურნეობა  თუ  სხვა  მიმართულებები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამართულად არსებობისათვის, მუდმივ ბმაში უნდა იყოს განხილული განათლებისა და კვლევის აკადემიურ სივრცესთან. 

დასკვნა

პანდემიისა და ომის ფონზე თუ როგორი იქნება შემდგომი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგნაირად:

ეს კრიზისი გამოიწვევს მთელი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის რესტრუქტურიზაციას;

განვითარებადი ქვეყნების დავალიანება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ამის  კიდევ უფრო ნეგატიური მხარე ის არის, რომ  ვალი, ინვესტიციების ნაცვლად, სოციალური  მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და კომპანიების გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ერთჯერადად დაიხარჯება;

უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება IT-ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტში (განსაკუთრებით, უსაფრთხოების გამო), სამედიცინო აპარატურაში, ჯანდაცვაში, ბიოტექნოლოგიაში და  სოფლის მეურნეობაში.

შეზღუდვები ადრე თუ გვიან მოიხსნება, მაგრამ მეწარმეებს კვლავ მოუწევთ სტრატეგიის შეცვლა. მდგრადობა –  ეს იქნება უნარი გაუძლოს შოკს და განკურნოს იგი,  რაც  კონკურენციაზე უკეთესი გახდება გადარჩენისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის გასაღების მოსაძებნად;

ბევრ კომპანიას არა მხოლოდ ბიზნესის მოდელის შეცვლა მოუწევს, არამედ მისი სრულად გადახედვაც გახდება აუცილებელი;

უნდა მოხდეს ციფრული კომერციის, ტელემედიცინისა და ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა;

ყველა სახის სამუშაო არ შეიძლება ავტომატიზებული იყოს, მაგრამ ზოგადი ტენდენციები აშკარაა და, სავარაუდოდ, შეუქცევადი გახდება;

პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე მთავრობების მხრიდან კიდევ უფრო მეტი ჩარევებია მოსალოდნელი ეკონომიკაში;

მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილი, სავარაუდოდ, მთავრობის შეღავათებით მუშაობს, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთავრობასა და ბიზნესს შორის, ასევე ბიზნესსა და  საზოგადოებას შორის ურთიერთობებზე. შეიძლება უფრო მეტი რეგულაცია იყოს  შრომითი რესურსების მომარაგებასა და უსაფრთხოებაზე, რაშიც ბიზნესიც უნდა ჩაერთოს;

მომხმარებელიც  გააცნობიერებს  საკუთარი  ჯანმრთელობისა  და  პირადი ცხოვრების დაცვის საჭიროებებს, შესაძლებელია ბევრმა დისტანცირების პრაქტიკაც დანერგოს თავის ცხოვრებაში, ზოგიც კიდევ კვების ჩვევებსაც შეიცვლის და სხვა;

ადამიანური მსხვერპლის ანაზღაურება შეუძლებელია, ასევე ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრაც. მაგრამ შემდგომში აუცილებელია:

ა) მუშაობის სტრატეგიების შეცვლა;

ბ) რაც შეიძლება მალე ომის შეწყვეტა, რისთვისაც საჭიროა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა;

გ) მუშაობა  ეფექტურად და ბევრად უფრო მაღალი სიჩქარით, მოქნილად;

დ) სამუშაო ადგილების ინოვაციების ტემპისა და მასშტაბების დაჩქარება;

ე) ბიოტექნოლოგიისა და ვაქცინაციის სფეროში ინოვაციების წარმოქმნა;

ვ) გამარტივებული მარეგულირებელი რეჟიმების შექმნა;

ზ)  მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა;

თ) უფრო მდგრადი და ეფექტური ჯანმრთელობის სისტემების შექმნა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე  რ.,  2020. გლობალიზაცია  და  პანდემიის  ეკონომიკური შედეგები.  ჟ.: „ეკონომისტი“. № 2;

2. კოვიდ   19-ის   წინააღმდეგ   საქართველოს   მთავრობის   მიერ   გატარებული ღონისძიებების ანგარიში. 2020. https://stopcov.ge/Content/files/ govermant--report.pdf;

3. მექვაბიშვილი   ე.,   2020.   ინტერვიუ   გაზეთში    „თბილისის   უნივერსიტეტი“

http://newspaper.tsu.ge / ge/news/view/KSIWclIG?fbclid=IwAR0I0aLHMRwe;

4. პაპავა ვ., ჭარაია ვ., 2020. ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა https://www.gfsis.org/ge/publications/opinion-papers;

5. Марина Стадник, Влияние COVID-19 на мировую экономику, вестник МСФО №3, 03.2020.

6. Альфред Каммер, Джихад Азур, Абебе Аэмро Селассие, Илан Голдфайн и Чан Ён Ри,  Как война в Украине отражается на разных регионах мира,   вестник МСФО №2, 02.2022 .